კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018"  გამოცხადდა

08/05/2018

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, წელს საქართველოში მეორედ ტარდება. 

"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 წელს ჩატარდა პირველად და საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიებად იქცა. ჩვენი მთავარი მიზანია, წავახალისოთ ის საუკეთესო მაგალითები პროფესიულ განათლებაში, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში გვაქვს და ამით პროფესიული განათლება ქვეყანაში მეტად პოპულარული და ყველასთვის სასურველი გავხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმაც და სტუდენტმაც სწორად იცოდნენ, რას გულისხმობს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროფესიული განათლება, რადგან პროფესიული განათლებაა დასაქმების საუკეთესო გზაა. 2018 წელს გაცილებით მეტ კონკურსანტს და მაღალ ჩართულობას ველოდებით", - განაცხადა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. 

პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.

გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სასწავლო ტურში გერმანიაში, სადაც მათ გერმანული კომპანია PEM Consult უმასპინძებთ. ვიზიტის ფარგლებში გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში. 

კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის" დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი ესწრებოდნენ. აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულებმაც გაუზიარეს.

დეტალური დოკუმენტაცია და ონლაინ განაცხადის ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ივლისი. კანდიდატები შეფასდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

დაბრუნდი სიახლეებში