პროფესიული განათლების კვირეული საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა

09/11/2018

5-9 ნოემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ორგანიზებით, პროფესიული განათლების კვირეული 2018 გაიმართა, რომელიც საერთაშორისო კონფერენციით "ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში" გაიხსნა.

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან - ბრიტანეთის ავიახაზების (British Airways) განათლების მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორი, ნაიჯელ ჯერემი და ა.შ.შ-დან კორპორაცია ინტელის (Intel) გლობალური განათლების სექტორის გენერალური დირექტორი ბრაიან გონსალესი. გამომსვლელებმა თავიანთი კომპანიების გამოცდილება განიხილეს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების, ახალი კადრების მომზადებისა და განვითარების და საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ. 

ღონისძიებას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ლონა სთოლი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ასევე, განათლების სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, კვირეული მიზნად ისახავს 51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საზოგადოებისათვის გაცნობას, რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღია კარის დღეების ჩატარებით იქნება შესაძლებელი. "ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ, თუ რატომ არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პროფესიული განათლება" - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

"საჭიროა პროფესიული განათლების განვითარება, რაც რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ამ ყველაფერში კი, აღსანიშნავია აშშ-ისა, მთავრობის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აქტიური ჩართულობა" - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

კვირეული 9 ნოემბერს, "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის" გალა დაჯილდოებით დასრულდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში.

დაბრუნდი სიახლეებში