პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

12/11/2018

9 ნოემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ოფიციალურად დახურა პროფესიული განათლების კვირეული, "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის" გალა დაჯილდოების ცერემონიალით. 

დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში: საუკეთესო სტუდენტად თამარ გოგრიჭიანი პროფესიული კოლეჯიდან „იკაროსი" დასახელდა. წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მფლობელი ია მოსაშვილია, საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრიდან. 2018 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების წოდება საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,მერმისმა” მოიპოვა, ხოლო წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი - საქართველოს რკინიგზაა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დაფუძნებაში შეტანილი წვლილის გამო.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ამერიკის ელჩის მოადგილე, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გადასცა, რომელიც აღნიშნული ღონისძიების გენერალური სპონსორია. გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შექმნილი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან გერმანიაში, სადაც გაეცნობიან ევროპულ გამოცდილებას თავიანთ სპეციალობებში და დაესწრებიან ევროპის ერთერთი უმსხვილეს პროფესიული განათლების გამოფენას - Didacta, the Education Trade Fair.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მეორედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.  

დაბრუნდი სიახლეებში